AllStar-2013

Standard

ქართული კალათბურთის “ყველა ვარსკვლავის” მორიგი მატჩი ქუთაისში, ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში გაიმართა. ეროვნული პირველობის საუკეთესო კალათბურთელების ერთად ნახვა ქომაგთათვის ნამდვილად სასიამოვნო მოვლენა იყო.

შეხვედრა ქართველი კალათბურთელების უპირატესობით დაიწყო და ძალიან მალე ჩიკვილაძის, ბაბუნაშვილის და ფაცაციას შედეგიანი თამაშის წყალობით ტაბლოზე 7:0 დაფიქსირდა. ლეგიონერთაგან ანგარიში მილოშევიჩმა გახსნა, თუმცა სერბი თავმდასხმელის მცდელობას მათიაშვილმა ზუსტი სამქულიანით უპასუხა. 10:2 იყო ანგარიში, როდესაც ადგილობრივი კალათბურთელების ყველაზე დიდი უპირატესობა დაფიქსირდა. ამის შემდეგ ლეგიონერებმა გაილაღეს და მალე ანგარიშიც გაათანაბრეს – 13:13. პირველ მეოთხედში ქართველთაგან საუკეთესო მათიაშვილი გახლდათ, რომელმაც ორჯერ ზუსტად გაისროლა სამქულიანი

მეორე მეოთხედში ლეგიონერებმა 16-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს და ასეთი მატჩებისთვის უჩვეულო ანგარიშით – 71:44 მოიგეს პირველი ტაიმი. ნელსონი, რეიმონდი და ბოუი უმოწყალოდ ბომბავდნენ ქართველთა კალათს სამქულიანი პერიმეტრიდან. მილოშევიჩი და ოლუიჩი ფარზე და სამწამიან ზონაში დომინირებდნენ. ტრადიციულად შედეგიანად და გამრჯედ მოქმედებდნენ კარტერი და კლაიმენი. რაც შეეხება ქართველებს, მათგან შედეგიანობით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩეოდა. “პატარა ველურას”, მათიაშვილის და ბაბუნაშვილის ჩაგდებული ბურთები ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის დიდი სიამოვნების მომგვრელი იყო. კალათბურთელებმაც არ გაუწბილეს იმედები ქომაგებს. ბარბაქაძე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო 24 ქულით, ბაბუნაშვილმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა – სამივე სამქულიანი სროლა გამოიყენა. რაც შეეხება რიჩოს, მათიაშვილი ყველაზე ახლოს იყო თანაგუნდელებიდან ორმაგ დუბლთან – 18 ქულა და 8 მოხსნა.

მეორე ტაიმი ქართველებმა კარგად დაიწყეს. ისინი თანდათანობით ამცირებდნენ ანგარიშში სხვაობას. გია კაზანჯიანის შეგირდებმა ერთი ხანობა რვა ქულამდეც კი შეამცირეს სხვაობა ბარბაქაძის, ჩიკვილაძის და მათიაშვილის წყალობით, მაგრამ ისევ ამოქმედნენ ქარიმი, ქარტერი და ბოუი.

მატჩის დასკვნითი მეოთხედში ლეგიონერთა ბერძენმა დამრიგებელმა გეორგიოს კეცელიდისმა მოედანზე მხოლოდ ტანმაღალი კალათბურთელები დატოვა, რომლებიც მორიგეობით ასრულებდნენ გამთამაშებლის ფუნქციას. ქომაგები ამ სანახაობამაც ძალიან გაამხიარულა. ისე სიმართლე ითქვას, ლეგიონერთა მაღლები ამ საქმესაც ჩინებულად უძღვებოდნენ. მაყურებლები ელოდნენ იმასაც, რომ ქართველთა გუნდი შეძლებდა თამაშის ეპილოგში სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ ეს “ადგილობრივებმა” ვეღარ მოახერხეს. ბოლო მეოთხედში ქართველთაგან გიგა კვეტენაძე უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც რამდენიმე ეფექტური ჩატენვა შეძლო. საბოლოოდ კი შეხვედრა 122:108 დასრულდა ლეგიონერების სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად შსს-ს ლიდერი ბენჯამენ რეიმონდი გახდა, მატჩის MVP- მ 26 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა თავი.

საინტერესოდ წარიმართა 3-ქულიანების კონკურსი, რომლის ფინალში მონაწილეობის უფლება კოკა ტომარაძემ, ბუბა კვიმსაძემ და გიორგი ბარბაქაძემ მიიღეს. პირველ ეტაპზე ყველაზე უკეთესი შედეგი ტომარაძეს ჰქონდა 18 ქულა, რომელმაც ფინალშიც იგივე შედეგი გაიმეორა, თან ბოლო ბურთის სროლა ვეღარ შეძლო ფიქსირებული დროის უქონლობის გამო. წარუმატებელი გამოუვიდა ფინალში გამოსვლა ადგილობრივი ქომაგების ერთერთ ფავორიტს ბუბა კვიმსაძეს, რომელმაც 14 ქულა დააგროვა. თუმცა ქუთაისელ ფანებს იმედები გაუმართლა ბარბაქაძემ, რომელმაც 19 ქულა დააგროვა და სნაიპერთა შეჯიბრებაც მოიგო. სხვათაშორის, გიორგის თავის დროზე “ჩატენვების” კონკურსიც აქვს მოგებული. რაც შეეხება “ჩატენვებს”, აქ შეიძლება ითქვას სპორტსმენები ყველაზე “მოუმზადებლები” იყვნენ. მართალია, საზოგადოება ძალზე გახალისდა პირველ ეტაპზე დვალიშვილის მცდელობაზე, რომელიც საკალათბურთო ფარის დაკეცვით დასრულდა. თავისებურად ამ ფაქტმა ეს სანახაობა გაალამაზა კიდეც, მაგრამ საერთო ჯამში ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ქართველმა კალათბურთელებმა კიდევ უფრო უნდა დახვეწონ და გააუმჯობესონ.

მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ,განსაკუთრებით რათქმაუნდა ჩემი გუნდის წევრების თამაშით.მომავალ AllStar-ს იმედია ადგილობრივები მოიგებენ 😀

77146_507712449285051_369538776_n 103357 103358 103361 103362 103369 103370 103372 103377